reproduqciuli medicinis centri universi
ანდროლოგია ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია და ენდოკრინოლოგია გინეკოლოგია გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები დერმატო-ვენეროლოგია ენდოკრინოლოგია ინ-ვიტრო განაყოფიერება (IVF) კლიმაქტერული პერიოდის მართვა კრიო-პრეზერვაცია მამოლოგია მეანობა ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა რეპროდუქციული დარღვევები საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია სექსოლოგია სუროგაცია-დონაცია შობადობის რეგულაცია სქესობრივი განვითარების ანომალიები უნაყოფობა უროლოგია გამოკვლევები ოპერაციული გინეკოლოგია შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების ოპერაციული მკურნალობა

მეცნიერება და განათლება

29.06.2018
რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსი“ ორსულობის განმეორებითი დანაკარგების III მსოფლიო კონგრესზე

2018 წლის 27-29 ივნისს ქალაქ მადრიდში (ესპანეთი) ჩატარდა ორსულობის განმეორებითი დანაკარგების (ოგდ) III მსოფლიო კონგრესი, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის „უნივერსი“ თანამშრომლებმა - ცენტრის დირექტორმა მედიცინის დოქტორმა, საქართველოს ანდროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა თეიმურაზ გაგნიძემ, ცენტრის დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო-სასწავლო დარგში,  ოგდ-ის მართვის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელმა პროფესორმა ჯენარო ქრისტესაშვილმა, ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ევროპის სექსუალური მედიცინის საზოგადოების წევრმა მედიცინის დოქტორმა ლევან კობალაძემ,  ცენტრის მეან-გინეკოლოგებმა, ი. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს დოქტორანტებმა მაია ჭიოკაძემ და ელენე ასანიძემ (ხელმძღვანელი პროფ. ჯ.ქრისტესაშვილი).

კონგრესზე რმც ”უნივერსი” წარმოდგენილი იყო ორი ზეპირი მოხსენებით - ”სპერმის დნმ ფრაგმენტაცია უცნობის გენეზის ოგდ-ს მქონე წყვილების მამაკაც პარტნიორებში” (თ. გაგნიძე, ჯ. ქრისტესაშვილი, მ.ქუჩუკაშვილი, ლ.კობალაძე) და ”ორსულობის განმეორებითი დანაკარგების ასოციაცია უნაყოფობასთან საქართველოში” (ჯ. ქრისტესაშვილი, ლ.კობალაძე) და სასტენდო მოხსენებით - ”ჰომოცისტეინის მაჩვენებლებis კორელაცია საკვერცხეების ჰორმონულ და მორფოლოგიურ მახასიათებლებთან პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონე პაციენტებში  ოგდ-თი” (ე.ასანიძე, ჯ.ქრისტესაშვილი).

სპერმატოზოიდების დნმ ფრაგმენტაცია ოგდ-ს მქონე წყვილების მამაკაც პარტნიორებში დღეისათვის წარმოადგენს მეტად აქტუალურ და ახალ სფეროს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კონგრესზე ამ თემაზე საკუთარი კვლევის შედეგებით წარმოდგენილი იყო მხოლოდ რმც ”უნივერსის” მოხსენება, რომელმაც დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ასევე მეტად აქტუალური იყო რმც ”უნივერსის” მოხსენება ოგდ-ს და უნაყოფობის ასოციაციასთან დაკავშირებით, რომელიც ფაქტობრივი მასალით ადასტურებდა ბოლო პერიოდში ლიტერატურაში დაწყებული დისკუსიის მართლზომიერებას ამ ორი მდგომარეობის დეფინიციის გადახედვასთან მიმართებაში, ვინაიდან ისინი ურთიერთგადამფარავია. ამავე მოხსენებაში სიახლეს წარმოადგენდა ოგდ-ს ეტიოლოგიურ სტრუქტურაში კომბინირებული ფაქტორების  გამოყოფა.

მეტად საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ოგდ-ს III მსოფლიო კონგრესზე პირველად იყო განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული ენდომეტრიუმის რეცეპტიულობისა და ქრონიკული ენდომეტრიტის მნიშვნელობაზე ოგდ-ს განვითარებაში. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ რმც ’უნივერსში” ამ პრობლემის აქტუალობა ჯერ კიდევ 2 წლის წინ განისაზღვრა და დოქტორანტ მაია ჭიოკაძის სადისერტაციო ნაშრომი დაიგეგმა და სრულდება სწორედ ამ მიმართულებით იენის უნივერსიტეტთან (გერმანია) თანამშრომლობით (პროფ. უდო მარკერტი).

რმც „უნივერსის“ ბაზაზე შესრულებული კვლევების სამეცნიერო სიახლე, აქტუალობა, შესრულების დონე და მიღებული შედეგები სრულიად შეესაბამება მსოფლიო თანამედროვე სტანდარტებს, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობის სურვილი როგორც კლინიკური საქმიანობის, ასევე ერთობლივი კვლევების ჩატარების მიმართულებით. დაიგეგმა რამდენიმე წამყვანი მეცნიერის სტუმრობა საქართველოში, რათა მოხდეს ქართველი კოლეგებისათვის თანამედროვე უცხოური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.